ქალაქებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ხშირად აღიქმება ისე რომ შეუმჩნევლად უნდა ფუნქციონირებდეს, უზრუნველყოს მანქანების სწრაფი გადაადგილება, მოძრაობის უწყვეტობა და ეფექტიანობა. იშვიათად განიხილება იგი როგორც სივრცე, რომელიც განსაზღვრავს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს, საჯარო სივრცის სახესა და ადამიანების ურთიერთობას იმ ადგილებთან, რომლებსაც ყოველდღე გადიან.
სწორედ ეს განსხვავებული პერსპექტივა შემოიტანა თბილისში არქიტექტორმა ივეტა ვაშურკოვამ Social Design Days-ის ფარგლებში — დიზაინის ინსტიტუტის პროექტში, რომელმაც წელს გააერთიანა 22 მომხსენებელი რვა ქვეყნიდან, 16 პარტნიორი ორგანიზაცია და დაახლოებით 400 მონაწილე.
ივეტა ვაშურკოვა არის CCEA-სა და სტუდია MOBA-ს თანადამფუძნებელი და მრავალი წელია მუშაობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ირგვლივ არსებული სივრცეების გარდაქმნაზე. მის საქმიანობაში ერთიანდება ქვემოდან წამოსული სამოქალაქო ინიციატივები და ქალაქის დონეზე მიმდინარე დაგეგმვისა და მართვის პროცესები.
მისმა ლექციამ წარმოადგინა ჩეხური პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია პრაღის ნეგრელის ვიადუკტსა და მაგისტრალთან. არა როგორც ერთჯერადი დიზაინი, არამედ როგორც ხანგრძლივი, თანმიმდევრული პროცესი, რომელიც მოიცავს ექსპერიმენტებს, დაკვირვებასა და მოლაპარაკებებს. მაგალითად, ნეგრელის ვიადუკტის შემთხვევაში, პროექტი დაფუძნებული იყო სამწლიანი დაკვირვებაზე და სატესტო აქტივობებზე, რომლებიც უშუალოდ ვიადუკტის ქვეშ ტარდებოდა. ამ პროცესმა გამოავლინა სივრცის პოტენციალი: 642-მეტრიანი ქუჩის ხაზში 74 თაღიდან 45 განისაზღვრა ახალი გამოყენებისთვის და დაიყო ექვს განსხვავებულ საჯარო ზონად.
ივეტასთვის „რევიტალიზაცია“ არ ნიშნავს მხოლოდ ახალი სკამების დადგმას ან გამწვანებას. იგი საჯარო სივრცეს განიხილავს როგორც აქტიურ სოციალურ ინფრასტრუქტურას. მისი მიდგომა ეფუძნება „resilience thinking“-ს — ეკოლოგიიდან ნასესხებ კონცეფციას, რომელიც ქალაქს აღიქვამს ცოცხალ სისტემად, რომელიც ვითარდება ციკლურად: ზრდა, კრიზისი, აღდგენა და ტრანსფორმაცია.
ამ ხედვის მიხედვით, მიზანი არ არის მხოლოდ განახლებული ობიექტი, არამედ სოციალური მრავალფეროვნების შენარჩუნება — განსაკუთრებით ისეთ უბნებში, სადაც გენტრიფიკაცია მიმდინარეობს. მაგალითად, პრაღის კარლინი სწრაფად ხდება პრესტიჟული საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, რის გამოც მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ყველა ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ვიადუკტის მომავალი არ უნდა იყოს მხოლოდ ძვირადღირებული მისამართი — ის უნდა გახდეს ეკონომიკურად თვითკმარი მოდელი, სადაც თანაარსებობს კომერციული და არასამეწარმეო აქტივობები: კაფეები, გალერეები, სახელოსნოები, ბიბლიოთეკა, სცენა, ველოსახელოსნო და ყოველდღიური სერვისები. ასეთი სივრცე ხდება სამეზობლოს კატალიზატორი და არა იზოლირებული დეველოპერული პროექტი.
პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უსაფრთხო გადაადგილებას ინფრასტრუქტურის ირგვლივ. განხილული იყო ქვეითთა კავშირები, გადასასვლელების უსაფრთხოება, მდინარესთან დაკავშირება და ტრანზიტული მოძრაობის შეზღუდვა იმ ადგილებში, სადაც ის ამცირებს ცხოვრების ხარისხს. ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც სკოლებია განთავსებული, სიჩქარის შემცირება აღმოჩნდა მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯი.
ვორქშოფის მეორე დღეს მონაწილეებმა ეს იდეები განიხილეს თბილისის გმირთა მოედნის მაგალითზე როგორც ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძზე. მიზანი არ იყო კონკრეტული პროექტის შექმნა, არამედ აზროვნების ახალი მეთოდის გამოცდა და იმის განსაზღვრა, რა შეიძლება იმუშაოს ადგილობრივ კონტექსტში.
შეხვედრაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ, რამაც შესაძლებელი გახადა მრავალფეროვანი ხედვების გაცვლა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება — ინჟინრებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, კულტურულ ინსტიტუტებსა და ქალაქებს შორის.
მონაწილეები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ „ხელახლა აღმოჩენილი წარმოსახვის“ განცდას — რომ რთული და თითქოს უცვლელი ადგილებიც შეიძლება ახალი მასშტაბით და უფრო გაბედულად წარმოვიდგინოთ.
რატომ არის საჯარო სივრცე მნიშვნელოვანი?
საჯარო სივრცე ეკუთვნის ყველას. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთის სოციალური ბარიერების გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მის განვითარებაში ჩართული ვიყოთ — დიალოგის, თანამშრომლობისა და საერთო პასუხისმგებლობის გზით.
ასეთი სივრცეები არ უნდა იყოს მხოლოდ ძვირადღირებული — ისინი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, უფასო და საზოგადოებაზე ორიენტირებული. კომერციული და არასამეწარმეო აქტივობების თანაარსებობა კი მათ ეკონომიკურად მდგრადს ხდის.